ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის პირველი განმარტება პროგრამის შეჩერებაზე
რატომ შეჩერდა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა? - გამოცემა "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ პირველ განმარტებაში ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი სტივენ ჯონსი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი არასაკმარისი სტუდენტების რაოდენობა და სხვა ბიუროკრატიული პრობლემებია, მაგრამ ის არ აკონკრეტებს რას გულისხმობს ამ უკანასკნელში.
გაიხსნება თუ არა ახალი პროგრამა საქართველოთი და ქართული ენით დაინტერესებული სტუდენტებისთვის? - ჯონსი ამბობს, რომ პერსპექტივა არასახარბიელოა.
განათლების სამინისტრომ დაფინანსება შეაჩერა, ჯონსი ამბობს, რომ თანხებს ვერც ბიზნესმენებისგან და ვერც ბანკებისგან შოულობენ.
კურსისთვის საჭიროა მინიმუმ 10 ჩარიცხული სტუდენტი. ჩვენ მხოლოდ ექვსი გვყავდა. არსებობდა სხვა ბიუროკრატიული პრობლემებიც, რამაც მისი ნაადრევად დახურვა გამოიწვია. მომდევნო სემესტრში ჩვენ მას ხელახლა გამოვაცხადებთ. ჰარვარდის ქართული პროგრამა დევისის ცენტრში ფაქტობრივად დაიხურა, თუმცა უნივერსიტეტის სხვა ცენტრებში ვეძებთ ალტერნატივებს. მომდევნო სემესტრში ქართულ სემინარს ჩავატარებთ, მაგრამ პერსპექტივები არასახარბიელოა. ჩვენ ვცადეთ დაფინანსების მოძიება ქართველ ბიზნესმენებსა და ბანკებს შორის, მაგრამ შემოწირულების გაღება არავინ ისურვა”, – მიწერა "ნეტგაზეთს" პროფესორმა ჯონსმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.
სამინისტრომ 2026 წლის 21 აგვისტოს წერილობით განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს პროგრამის ანგარიშგება არ წარმოუდგენია.
ცნობისთვის, ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაარსდა.
- დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.
ქართველოლოგიის პროგრამას ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა. პროფესორმა 2024 წელს მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ კანონის მიღება დაასრულებდა საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. მან ამ საკითხზე ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, - რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.