ერთი კვადრატული 60 თეთრად - ვის გადაეცა ბატეთის ტბა?
ერთი კვადრატული მეტრი 60 თეთრი და უკონკურენტო აუქციონზე გასხვისებული ბატეთის ტბა - აუქციონის პირობებით, სწორედ 60 თეთრი უნდა გადაიხადოს კომპანია შპს „ბატეთი რეზორტმა“ იჯარის სარგებლობისთვის ერთი კვადრატულ მეტრ მიწაში.
ბატეთის ტბა და ჰექტრობით მიწები ახლა "ქართული ოცნების" ექს-მაღალჩინოსნის, არჩილ კბილაშვილის ხელშია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის შპს „ბატეთი რეზორტის“ უმსხვილესი მეწილე, 45%-იანი წილით, კესანე ფიფიაა, რომელიც ბიზნესმენ გოჩა ფიფიას ქალიშვილია.
საუბარია მთლიან ტბაზე, რომელიც არის დაახლოებით სამი ჰექტარი და ასევე მის გარშემო 4 ჰექტარზე ოდნავ მეტი ტერიტორია. ამ აუქციონის პირობებით ასევე გავიგეთ, რომ 60 თეთრად არის შეფასებული ერთი კვადრატული მეტრი. ე.ი. ამ კომპანიამ იჯარის სარგებლობისთვის უნდა გადაიხადოს ერთი კვადრატულ მეტრში 60 თეთრი. მფლობელი ამ კომპანიისა, რომელმაც მიიღო ბატეთის ტბის რამდენიმე ჰექტარი 19 წლიანი იჯარით, არის "ოცნების" ყოფილი წევრი, არჩილ კბილაშვილი, დანარჩენი 45% ასევე განაწილებულია კესანე ფიფიაზე, რომელიც არის ბიზნესმენ გოჩა ფიფიას ქალიშვილი".- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია.
კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ „ბატეთი რეზორტის" მფლობელმა, არჩილ კბილაშვილმა "ოცნებასთან" თავისი კავშირებით ისარგებლა და სწორედ ამიტომ იყიდა ჰექტრობით მიწა მიზერულ ფასად.
კუბლაშვილი იყო მათი გენერალური პროკურორი, შესაბამისად მას კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული კავშირები "ოცნებაში" და ის დღესაც "ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერია. შესაბამისად, ისარგებლა მისი სტატუსით და ავტორიტეტით და შესაბამისად მიიღო ის, რაც მას სურდა. ეს პირველი შემთვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო შემთხვევა არ იქნება", - ამბობს ბესო დონაძე.
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გასცეს - საუბარია ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე 27 813 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
უწყების მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.
აუქციონი 2026 წლის 29 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდა. ლოტის საწყისი წლიური საიჯარო საფასური 16 700 ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი „ბატეთი რეზორტმა“ სახელმწიფოს წელიწადში 17 200 ლარი უნდა გადაუხადოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში ქონების მოვლა-პატრონობისთვის, მათ შორის ტბის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, არანაკლებ 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.