ბატეთის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მოიჯარე კომპანიის მეწილეებს შორის ცვლილება იგეგმება
ბატეთის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მოიჯარე კომპანიის მეწილეებს შორის ცვლილება იგეგმება - როგორც "რადიო თავისუფლებას" ბიზნესმენმა და ყოფილი დეპუტატმა, გოჩა ფიფიამ განუცხადა, მოიჯარე კომპანიის, შპს „ბატეთი რეზორტის" მეწილე მისი ქალიშვილის ნაცვლად თავად ხდება.
- ამჟამად კომპანიაში 45%-იან წილს ფიფიას შვილი, კესანე ფიფია ფლობს.
ფიფია ამბობს, რომ რეესტრში ცვლილება, სავარაუდოდ, უკვე ორშაბათს, 24 აგვისტოს აისახება.
„ჩემი ქალიშვილი არ არის პრაქტიკულად [მეწილე], ორშაბათს ალბათ შეიცვლება და რეესტრში იქნება შეტანილი ცვლილება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოჩა ფიფიამ.
კომპანია „ბატეთი რეზორტის“ მეწილეებს შორის ასევე არიან უზბეკეთის მოქალაქე ნაზილია კანაანი (30%), რევაზ ჯანელიძე და იოსებ კრიჭინაშვილი (10-10%), და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი არჩილ კბილაშვილი (5%), რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
ვინ არის გოჩა ფიფია:
- გოჩა ფიფია 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი).
- 2008 წელს მან დააფუძნა პარტია „ქართული პოლიტიკა“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 0.46% მიიღო.
- ფიფია 1996-2003 წლებში შპს „უშბას“ გენერალური დირექტორი იყო, 2013 წლიდან კი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარის“ დამფუძნებელია.
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გასცეს - საუბარია ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე 4.2 ჰექტარ ტერიტორიაზე. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
უწყების მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.
აუქციონი 2026 წლის 29 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდა. ლოტის საწყისი წლიური საიჯარო საფასური 16 700 ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი „ბატეთი რეზორტმა“ სახელმწიფოს წელიწადში 17 200 ლარი უნდა გადაუხადოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში ქონების მოვლა-პატრონობისთვის, მათ შორის ტბის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, არანაკლებ 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.
ფოტო: შერმაზანა