ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს - ოჯახი სავარაუდო მკვლელობაზე საუბრობს
ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი კაცია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.
პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა გამოიძახეს - მათი ეჭვი დაკეტილი ბინიდან გამოსულმა სპეციფიკურმა სუნმა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.
გარდაცვლილის ძმა „პირველებთან“ ამბობს, რომ ბინაში ძალადობის კვალი იყო და ოჯახს ეჭვი აქვს, რომ 21 წლის ქალი მოკლეს.
16-ში დამირეკეს და მითხრეს, რომ ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ბინა ჩემია. სანამ ადგილზე მივიდოდი, ამბობდნენ, რომ შესაძლოა, ეს თვითმკვლელობა ყოფილიყო, თუმცა როდესაც მივედი, ბინაში შესვლისას, სრულიად არეული და განადგურებული გარემო დამხვდა. გარდა ამისა, იქ არის აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ლოგიკურად ეწინააღმდეგება ვერსიას, თითქოს ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, იქ მეორე ადამიანიც იყო, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩემი ძმა მოკლა. ახლა ადვოკატთან ერთად მოვედით, რათა მივუთითოთ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც, პირველ ეტაპზე არ შეაგროვეს. მაშინაც მივანიშნეთ მათზე, თუმცა არ დააფიქსირეს. ახლა მოვითხოვთ, რომ ყველაფერი ოფიციალურად დაფიქსირდეს, რათა ამ მტკიცებულებების საფუძველზე საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს, - ამბობს გარდაცვლილის ძმა.