ბათუმში, ახალ ბულვარში კაცი დაჭრეს
ბათუმში, ახალ ბულვარში, გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
შემთხვევა კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ინციდენტში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.