აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება ისევ გადაიდო
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში შექმნილი შეფერხებების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა გადაიბარა, გზის დასრულებას კი ახლა 2027 წლის შემოდგომისთვის გეგმავენ.
პროექტი წლებია ჭიანურდება - ჯერ კიდევ 2022 წელს მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებდა, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზა 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ვადები შეიცვალა, ახლა კი სამინისტრო შეფერხებებს წინა კონტრაქტორების მუშაობას უკავშირებს.
ამასთან, მშენებლობის პროცესში დაზიანდა ადგილობრივი ტყის საფარიც. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამუშაოების პარალელურად დაზიანებულ ტერიტორიებზე ტყის აღდგენის პროცესიც დაიწყება. მინისტრ რევაზ სოხაძის თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მიზანი ბუნებისა და ადგილობრივი ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა.
17 კილომეტრიანი შემოვლითი გზის დასრულების შემდეგ აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირი უნდა შეიქმნას.