პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ლაშა ბუღაძის წიგნი "დამკვირვებელი" დაბლოკილია

25.08.26 09:17
პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ლაშა ბუღაძის წიგნი "დამკვირვებელი" დაბლოკილია

პენიტენციურმა სამსახურმა ლაშა ბუღაძის წიგნის, „დამკვირვებლის“  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანაზე უარი თქვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაია პატარაია წერს და პოსტს პენიტენციურის წერილსაც ურთავს. უწყების განმარტებით, წიგნის სათაური „არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით“.

გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს ბაია პატარაია. მისივე თქმით, უარს გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ წერილში გასაჩივრების არც ვადა და არც წესი არ არის მითითებული.

და აი, ისიც, მოვიდა პასუხი პენიტენციურიდან, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ამას ისევ უპასუხოდ დატოვება ჯობდა, ვიდრე ამხელა სისულელის დაწერა. პენიტენციური სამსახურუს ადმინისტრაციის უფროსი იუწყება, რომ ლაშა ბუღაძის რომანის სათაური “დამკვირვებელი” არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებითო. აი, ვცდილობ ვიფიქრო, ეს რას ნიშნავს, სიტყვა “მაყურებელში” ხომ არ აერია სიტყვა “დამკვირვებელი”? რა საფრთხე უნდა შეუმნას ნანა სანდერმა ციხეს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ? წარმოუდგენელი ამბავია…

სათაურის გამო არ შევიტანთო, წიგნის ან ანოტაციის წაკითხვა და შინაარსში გარკვევა შეეზარათ? უბრალოდ რომ გადაეფურცლათ, მიხვდებოდნენ რომ “დამკვირვებელი” არჩევნებს მიემართება, მაგრამ სინამდვილეში არ სურთ ეს წიგნი ციხეში და მორჩა.

გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ წერილში არ წერია არც ვადა და არც გასაჩივრების წესი, მაგრამ არაუშავს; ამ წერილს იმდენი ნაკლი აქვს, ერთით მეტი, ერთით ნაკლები არაფერს ცვლის.