ზემო ლარსი ერთ კვირაში 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

25.08.26 12:22
ზემო ლარსი ერთ კვირაში 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა ნაკადი კვლავ მაღალია. ჩრდილოეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში საზღვარი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა და 33 ათასზე მეტმა ავტომობილმა გადაკვეთა. რუსულ მხარესთან გავრცელებული ცნობებით, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვა აგვისტოს შუა რიცხვებში დაფიქსირდა, როდესაც ცალკეულ დღეებში გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური აცხადებდა, რომ მხოლოდ 18 აგვისტოს ზემო ლარსი 20 ათასზე მეტმა მგზავრმა გაიარა, ხოლო 15 და 16 აგვისტოს დღიური მაჩვენებელი 19 ათასს აჭარბებდა.

ამ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაეთანხმა - უწყების ცნობით, შესაბამის პერიოდში საზღვარს დღეში დაახლოებით 16 ათასი ადამიანი კვეთდა, მათგან 7 800 საქართველოს მიმართულებით, 8 400 კი რუსეთისკენ. მოგვიანებით რუსულმა მხარემ განმარტა, რომ მის სტატისტიკაში ორივე მიმართულებით გადაადგილებული მგზავრები იყო დათვლილი.

ზემო ლარსზე გაზრდილი ნაკადი ემთხვევა რუსეთში შესაძლო ახალი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. რუსული პროექტ „რელოკაცის“ მონაცემებით, ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გადასვლის მსურველთა მიმართვიანობა დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა - დღეში 70-დან 120-მდე. განსაკუთრებული აქტივობა ფიქსირდება ახალგაზრდა მამაკაცების მხრიდან, ხოლო ბევრი მსურველი ამჯერად არა დროებით საცხოვრებელს, არამედ მუდმივად დასახლებისთვის ქვეყანას ეძებს.

რუსული მედიის ცნობით, საზღვრის რუსეთის მხარეს დიდი საცობებიც წარმოიქმნა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ცალკეულ მონაკვეთებზე ავტომობილების რიგი უკიდურესად ნელა გადაადგილდება.

ზემო ლარსი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია. განსაკუთრებით მძიმე ვითარება აქ 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა, როდესაც ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი ათიათასობით მოქალაქემ დატოვა და საზღვართან მრავალკილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა.

მსგავსი სიახლეები