ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დღევანდელ პროცესში მონაწილეობაზე. არადა პოლიტიკურ წრეებში არსებობდა მოლოდინი, რომ წერილების შემდეგ, დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამიდან ალაპარაკდებოდა.
- ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.