პროკურორი ირწმუნება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან "ამ ეტაპზე, საპროცესოზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს"

25.08.26 15:26
პროკურორი ირწმუნება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან "ამ ეტაპზე, საპროცესოზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს"

ჯარის ძარცვის საქმის პროკურორი, ანი ლეკიაშვილი ირწმუნება, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმების თაობაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

სახელმწიფო მბრალმდებლის მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა პირების მხრიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარესთან არანაირი განცხადება დაფიქსირებული არ არის.

ჯუანშერ ბურჭულაძეს და სხვა პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღეის მდგომარეობით, განცხადებით არ მოუმართავთ, თუ გულისხმობთ პირველი ინსტანციის სასამართლოში მომართულ განცხადებებს... არ ვიცი ადვოკატი რას გეუბნებათ, მასთან უნდა დაამყაროთ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ბრალდების მხარესთან არანაირი განცხადება მსჯავრდებულების მხრიდან დღეის მდგომარეობით დაფიქსირებული არ არის. 

ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე არ მიმდინარეობს აღნიშნულ მსჯავრდებულებთან. რაც შეეხება პრაქტიკას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ყოველთვის განგიმარტავთ ხოლმე, როდესაც მეკითხებით, რომ როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მომართავს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შესახებ, ყოველთვის ვიხილავთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის ეს არის ზიანის ანაზღაურება, მათ შორის აღიარება და ა.შ..

ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რას უნდა ველოდოთ - ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით," - განაცხადა ანი ლეკიაშვილმა. 

შეგახსენებთ, 2026 წლის 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის (ფულის გათეთრება) დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე მათ შორის მსჯავრდებულია ბურჭულაძის ნათესავი, ვასილ მხეიძე, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.