სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი TeraBank-ს ყიდულობს - შეთანხმება გაფორმდა
„ტერაბანკის“ აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის ბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას თავად „ტერაბანკი“ ავრცელებს. ბანკის განმარტებით, ტრანზაქციის დასასრულებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავენ და მესაკუთრის ცვლილება მხოლოდ მარეგულირებლის თანხმობის მიღების შემდეგ შევა ძალაში.
AGE S.A. სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ გაერთიანებას — Arins Group-ს უკავშირდება, რომლის ეკოსისტემაშიც Ardshinbank-ი შედის. „ტერაბანკის“ განცხადებით, ინვესტიცია ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია, საქართველო კი რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა.
„ტერაბანკში“ აცხადებენ, რომ ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის შემოსვლა ბანკს ზრდისა და ქართული ბიზნესისთვის ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.
„ტერაბანკი“ აქტივების მიხედვით საქართველოს მეექვსე უმსხვილესი კომერციული ბანკია. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, მისი აქტივები 2.27 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი კი 1.72 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლის პირველ შვიდ თვეში ბანკმა 18 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ იგეგმება.
მანამდე „პირველებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური ბიზნესჯგუფი „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ შეძენით იყო დაინტერესებული. შესაძლო გარიგების შესახებ ინფორმაციის ფლობა ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, თუმცა იმ დროისთვის ოფიციალური განაცხადი წარდგენილი არ იყო. მედიაში ასევე გავრცელდა ცნობები მოლაპარაკებებში ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე, ხოლო ოპოზიცია გარიგების შესაძლო რუსულ კავშირებსა და ფინანსურ რისკებზე საუბრობდა.