რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ჭადრის ხე მოიჭრება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ჭადრის ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კი კონსულტაციები მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად რუსთაველის გამზირის დათვალიერებისას ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
კალაძის განცხადებით, მერიას 15 სექტემბრამდე უნდა, რომ ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე გზა გახსნას.
"ესეც გარკვეულწილად შეუმსუბუქებს არსებულ მდგომარეობასა და ქალაქში გადაადგილებას" - ამბობს კალაძე.
15 სექტემბრამდე გვინდა ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე გზა გაიხსნას, დაიგოს ასფალტი და ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იყოს. ესეც გარკვეულწილად შეუმსუბუქებს არსებულ მდგომარეობასა და ქალაქში გადაადგილებას.
კაფე „სტამბასთან“ არის მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, თუმცა გადასასვლელთან არის ერთი კონკრეტული ჭადრის ხე, რომელიც პრობლემას ქმნის, რომ შესრულდეს შესაბამისი საიზოლაციო სამუშაოები, რათა მოწესრიგებული იყოს მიწისქვეშა გადასასვლელები“,- განაცხადა კალაძემ.
„კაფე „სტამბასთან“ არსებული ჭადრის შემთხვევაში ძირითადი ფესვთა სისტემა არის პირდაპირ დასხმული მიწისქვეშა გადასავლელზე. ახლა ტარდება ჰიდრო საიზოლაციო სამუშაოები და იმ რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ან ხე დაზიანდეს ან ფესვი ისე ჩაიჭრას, რომ შემდგომ უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნას. ჩვენ გარემოსა და ჰიდროსაიზოლაციო ექსპერტებთან ვმუშაობთ, რათა ხის მოჭრა თავიდან ავირიდოთ, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ ხის მოჭრა დაგვჭირდეს, რათა აღნიშნული სამუშაოები ჩატარდეს.
მეორე ადგილი, სადაც იგივე ჭადართან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, არის თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გალერიას“ პირდაპირ. გარკვეული მიწის მასის მოჭრის შემდეგ გამოჩნდა ფუღურო და გაკეთდა დასკვნა. ბოტანიკურმა ბაღმა სპეციალური ტომოგრაფიის მოწყობილობის მეშვეობით შეისწავლა ტერიტორია, რის შემდეგაც გამოჩნდა, რომ შიგნიდან არის დამპალი ხე. არსებობს საშიშროება, რომ შემდეგი დიდი ქარის დროს დავარდეს ეს ხე. გვაქვს შესაბამისი დასკვნებიც, ამიტომ აუცილებლად გვიწევს ამ ხის მოჭრა”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.