საქართველოსა და რუსეთს შორის ასობით ხატის გაცვლა იგეგმება

25.08.26 18:10
საქართველოსა და რუსეთს შორის ასობით ხატის გაცვლა იგეგმება

რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია „რუსეთის ქართველები“ რუსეთსა და საქართველოს შორის მასშტაბური სულიერი პროექტის - „ერთად ვლოცულობთ“ დაწყების შესახებ აცხადებს. ორგანიზაციის განცხადებით, ინიციატივის მიზანი ორი ქვეყნის ხალხების „საერთო რწმენისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების საფუძველზე“ გაერთიანებაა.

პროექტის ცენტრალური ნაწილი იქნება ხატების - „რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობა“ დაწერა და საზეიმო გადაცემა. ხატებზე გამოსახული იქნებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი მამა გაბრიელი (ურგებაძე) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი სერაფიმე საროველი.

ორგანიზაციის ცნობით, უნიკალური ხატწერის შექმნის ინიციატივა ენთუზიასტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც მართლმადიდებელი ჟურნალისტი და რეჟისორი კონსტანტინე ცერცვაძე ხელმძღვანელობს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იდეას ჯერ კიდევ 2018 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისცა კურთხევა.

რუსეთის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტის, დავით ცეცხლაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში საქართველოდან რუსეთში და რუსეთიდან საქართველოში ასობით მართლმადიდებლური ხატის გაცვლა იგეგმება.

„ჩვენ უბრალოდ საჩუქრებს კი არ ვცვლით, არამედ ჩვენი ხალხების ზეციურ მფარველებს ვაკავშირებთ, რათა ვაჩვენოთ, რომ სულიერი ნათესაობა ნებისმიერ პოლიტიკურ გარემოებაზე ძლიერია. დაგეგმილია ასობით მართლმადიდებლური ხატის გაცვლა - საქართველოდან რუსეთში და პირიქით. ეს ისტორიულ პრეცედენტს ქმნის“, - აცხადებს ცეცხლაძე.

საქართველოში ხატების პირველი პარტიის დაწერა უკვე დასრულებულია. ისინი რუსეთში გაიგზავნება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს საჩუქრად გადაეცემა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელების პირადი სახსრებით ფინანსდება, სამომავლოდ კი ინიციატივაში სხვა მოქალაქეების ჩართვაც იგეგმება.

მსგავსი სიახლეები