ათასობით აბიტურიენტი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა - რას ამბობენ ექსპერტები

26.08.26 11:32
ათასობით აბიტურიენტი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა - რას ამბობენ ექსპერტები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საკითხს განათლების სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული „უფასო უმაღლესი განათლება“ რეალურად მკაცრი შეზღუდვებითა და შემცირებული კვოტებით ხორციელდება, რის გამოც საგამოცდო ბარიერგადალახული და მაღალი ქულების მქონე ახალგაზრდების ნაწილიც კი სასურველ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე ვერ ჩაირიცხა.

სპეციალისტები ასევე საუბრობენ კიდევ ერთ ტენდენციაზე - შექმნილი ვითარების გამო სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უკვე ბაკალავრიატის საფეხურზევე ცდილობს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას. 

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ძალიან ამაყად აცხადებს, რომ მთელი უმაღლესი განათლება იქნება უფასო. ჩვენ როგორც ვნახეთ, ეს უფასოობა ძალიან პირობითია და დათქმებით არის შემოთავაზებული, აკადემიურ მოსწრება მიება, ადგილების რაოდენობა არ შეივსა. სამწუხაროდ, განათლების და მეცნიერების, და მეცნიერება მე მინდა ცალკე, მნიშვნელოვნად გამოვყო, სახელმწიფო დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძალიან ბევრი გამწარებული ბავშვი და მათი მშბელი წერს ამის შესახებ. აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ არა მარტო ადგილების რაოდენობა, არამედ ის, რომ სტუდენტები ვერ მოხვდნენ იმ პროგრამაზე, რომელიც მათ აინტერესებდათ. მაყურებელი არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში, როცა გვეუბნებიან, რომ აგერ, ადგილი დარჩა აუთვისებელი და აგერ, სტუდენტია ბარიერგადალახული და რატომ არ ირიცხება? იმიტომ, რომ იმ პროგრამაზე და იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მას უნდოდა სწავლა, ადგილების რაოდენობა არის მკვეთრად შეზღუდული. შეძლებული ოჯახის შვილები მაქსიმალურად ცდილობენ უკვე, რომ განათლება მიიღონ საზღვარგარეთ. თუ ადრე ტენდენცია საზღვარგარეთ განათლების მიღებისა იყო მაგისტრატურის დონეზე, ახლა ბაკალავრიატის დონეზე მასობრივად ხდება აბიტურიენტების გადინება ქვეყნიდან, - ამბობს  ლიკა ღლონტი.

„უფასო განათლების“ დაპირებასა და სტუდენტების რეალურ მდგომარეობას შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს ლადო აფხაზავაც. ის მაგალითად შინდისის გმირის შვილს, მარიამ წილოსანს ასახელებს, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად პირველი სემესტრის საფასურის გადახდა მოსთხოვეს. აფხაზავას თქმით, უსახსრობის გამო ახალგაზრდა სწავლის გადადებას აპირებდა, რის შემდეგაც მასწავლებლებმა მისთვის ერთი სასწავლო წლის გადასახადი თავად შეაგროვეს. 

არის ასეთუ სტუდენტი, მარიამ წილოსანი, რომელიც არის შინდისის გმირის შვილი. აღმოჩნდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ამ უნივერსიტეტმა გამოაგზავნა, რომ პირველი სემესტრის თანხა აუცილებლად უნდა იქნას დაფარული, თორემ ისე ვერ გამოცხადდება. მარიამმა ტირილი დაიწყო, იმიტომ, რომ იცის, რომ თავისმა დედამ, რომელიც ემიგრაციაშია, სულ რამდენიმე თვის წინ დაკარგა სამსახური და ეძებს ახალს და ახლა არაფერი შემოსავალი არ აქვს და გადაწყვიტა, რომ აღარ წავალ უნივერსიტეტში, მომავალში ჩავაბარებო. ამის შემდეგ მასწავლების ეროვნული ჯილდოს მასწავლებლებმა ერთი სასწავლო წლის თანხა მოვაგროვოთ, ქართველმა მასწავლებლებმა აუგროვა ეს თანხა მარიამს. მთელი საქართველო, მშობლები იძახდა, რომ სწავლა არის უფასო და სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი, - ამბობს ლადო აფხაზავა. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ათასობით აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო ბარიერი წარმატებით გადალახა, უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩა. არსებული მონაცემებით, კონკურსგარეშე დარჩენილთა შორის არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებმაც გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს, თუმცა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში მკვეთრად შეკვეცილი ადგილების გამო სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხვა ვერ შეძლეს.

ადგილების დრამატული კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა წამყვან უნივერსიტეტებში. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გასულ წელს 4 200-ზე მეტი ადგილი იყო გამოყოფილი, ახალი რეგულაციებით კვოტა დაახლოებით 92%-ით შემცირდა და მხოლოდ 300 ადგილი დარჩა.

სოციალურ ქსელებში აბიტურიენტები და მათი მშობლები პროტესტს გამოთქვამენ. ახალგაზრდები საკუთარ საგამოცდო ქულებს აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ „უფასო განათლების“ დაპირების ფონზე გატარებულმა რეფორმამ მათი მთელი წლის შრომა წყალში ჩაყარა და განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა.