TSQ-ის შესაძლო პირამიდულ სქემაზე სებ-ს თვეების წინ აცნობეს - რას ამბობენ კრიპტოსექტორში
TSQ სავაჭრო პლატფორმასთან დაკავშირებული შესაძლო თაღლითური სქემის შესახებ განგაშის სიგნალი კრიპტოსექტორში თვეების წინ ჩაირთო. ირკვევა, რომ კომპანიებმა, რომლებმაც მომხმარებლებისგან თანხების მოზიდვისას ფინანსური პირამიდისთვის დამახასიათებელი ნიშნები შენიშნეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართეს და საეჭვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების გაფრთხილება ეტაპობრივად დაიწყო, ამ დროისთვის TSQ-ის გარშემო შექმნილ სქემას უკვე ფართო მასშტაბი ჰქონდა მიღებული და მასში ათასობით მოქალაქე იყო ჩართული.
"პირველები" იმ კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ფულს ანაღდებენ. "დიჯითალ პლატფორმის" წარმომადგენელის, გიორგი დაუშვილის თქმით, აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ე.წ. პირამიდა მოქმედებს, რის შემდეგაც მომხმარებლები საერთოდ უმალავენ მათ რომელ პლატფორმაზე რიცხავენ თანხას.
სავარაუდოდ, ფინანსური პირამიდაა ჩვენც ვცდილობთ გავაგებინოთ ხალხს, რომ პირამიდაა. ორი თვეა, მე რაც დავაფიქსირე, რომ საკმაოდ მოხშირებულია. ეროვნულ ბანკთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ყველასთან. ანუ ეროვნული ბანკიც არის საქმის კურსში. მომხმარებლებიც არიან შეუვალები, რომ იცოდეთ. აღარ იძახიან, რომ მანდ რიცხავენ, იძახიან, რომ სავაჭრო პლატფორმაზე ვრიცხავთ, - ამბობს დაუშვილი.
TSQ-ის საქმიანობაში ფინანსური პირამიდისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ხედავს ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც. მისი შეფასებით, საეჭვო სქემების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არარეალურად მაღალი მოგების დაპირებაა. ამასთან, ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მოსახლეობის გაფრთხილება უფრო ოპერატიულად შეეძლო.
მისი საქმიანობა ძალიან ჰგავს პირამიდული სტრუქტურით მოქმედი კომპანიის საქმიანობას. რამდენიმე ძირითადი ინდიკატორია, რომეიც თუ იკვეთება, შეგვიძლია, რომ ეჭვი მივიტანოთ ფინანსურ პირამიდასთან დაკავშირებით. პირველი ეს გახლავთ, თუ ესა თუ ის კომპანია საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, არაადეკვატურად მაღალ სარგებელს გვპირდება. მეორე, როგორც წესი, ეს კომპანიები ძალიან აქტიურად ხარჯავენ ხოლმე ფულს სხვადასხვა რეკლამაში და იყენებენ საკმაოდ ცნობად სახეებს ამ რეკლამებისთვის. ძალიან ცოტაა ლეგალური საქმიანობა, რომ კომპანიამ აი, ამხელა შემოსავალი გასცეს, ამხელა სარგებელი და ბენეფიტი გასცეს მომხმარებელზე და თვითონაც პლიუსში დარჩეს. ეს არის ხოლმე ის ძირითადი ინდიკატორები, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, რომ ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს უფრო ოპერატიულად ემოქმედა და იგივე გაფრთხილება, რომელიც გაიცა, შედარებით უფრო დროულად ყოფილიყო გაცემული. ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ასეთი სქემის დროს, პირველად ყველაზე კარგად მუშაობს იფორმირებულობა, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.
ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებულია კამპანიები, რომლებიც მოქალაქეებს კრიპტო აქტივებში თანხის დაბანდებით თუ ვაჭრობაში ინვესტირებით დიდ ამონაგებს ჰპირდება.
გზირიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მოდელი შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანი არა თანხის მოგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ახალი წევრების მოზიდვაა.