ოქტომბერი თუ ნოემბერი - როდის უნდა დასრულდეს რეალურად რუსთაველის რეაბილიტაცია?

26.08.26 17:50
ოქტომბერი თუ ნოემბერი - როდის უნდა დასრულდეს რეალურად რუსთაველის რეაბილიტაცია?

როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - თბილისის მერის ბოლო განცხადებამ სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამზირის სამ მონაკვეთზე სამუშაოებისთვის განსაზღვრული 100-დღიანი ვადა ოქტომბრის ბოლოს იწურება, თუმცა კახა კალაძე მოსახლეობას რეაბილიტაციით გამოწვეული დისკომფორტის ნოემბრის ბოლომდე მოთმენას სთხოვს. ოპოზიციაში კითხულობენ, შეიცვალა თუ არა პროექტის დასრულების ვადა და რატომ არ ემთხვევა მერის მიერ დასახელებული თარიღი სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ვადებს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე სატენდერო დოკუმენტაციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ სამივე მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დაწყებიდან 100 დღეში უნდა დასრულდეს, რაც, მისი თქმით, საავტომობილო მოძრაობის ოქტომბრის ბოლოს აღდგენას გულისხმობს. დონაძე სამუშაოების ორგანიზებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემები არასათანადო დაგეგმვის შედეგია. 

ის, რომ მანქანების გავლადობა აღდგეს, ეს საგზაო სამუშაოები უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს. უნდა დააკონკრეტოს კახა კალაძემ და მოიყვანოს მისი წინადადებები, დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში. კონტრაქტით დაკონტრაქტებულია სამ ნაწილად. სამივე ნაწილი, ეს არის ჭოველიძიდან რუსთაველამდე, რუსთაველიდან ბესიკის ქუჩამდე და ბესიკის ქუჩიდან თავისუფლებამდე, ამ სამივე მონაკვეთზე სამი სხვადასხვა ტენდერია და ყველა ტენდერის დასრულების ვადა არის დაწყებიდან, 23 ივლისიდან 100 დღეში. მიქანაძემ ახლა გაიგო, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა? ზუსტად ეს არის, ჩვენ რასაც ვიძახით, სისტემური პრობლემა, რომ მერია არ ელაპარაკება განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრი, სამწუხაროდ, კაბინეტიდან არ გამოდის და არ იცის, რომ რუსთაველზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ანუ ეს არის პრობლემა, სისტემური პრობლემა, მართვის პრობლემა. 

კომპანიამ 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშავოს. თავიდან, როგორც ცანდა, კომპანია არ იყო მზად ამხელა სამუშაოებისთვის. 5 ჯარიმაა გამოწერილი 24 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. კომპანიის კარგ მუშაობას ასევე განაპირობებს სრულყოფილი პროექტი, ანუ ის, რომ რუსთაველზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელი იყო რაღაც ძველი აღმოჩენილიყო არქეოლოგიური, ამის დაშვება იყო შესაძლებელი და ეს უნდა დაეშვათ და ამას უნდა დაუსვებდნენ, შესაბამისად, ვადებიც მსგავსი უნდა ყოფილიყო. ზუსტად ამიტომ არის, რომ კალაძე აკეთებს სპონტანურ პროექტებს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ წევრი ოთო ფარულავა კი კალაძის განცხადებას იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ რეაბილიტაცია შესაძლოა ნოემბერშიც ვერ დასრულდეს. ფარულავა სამუშაოების გაჭიანურებას მერიის მართვასა და, მისი მტკიცებით, კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს. 

დღევანდელი მისი განცხადება ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ, ნოემბრის თვეშიც ვერ დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის კორუფციული გარიგებები და კორუფციული სქემები, რაც თბილისში არის მისი მმართელობის დროს. ეს ადამიანი საზრდოობს კორუფციული სქემებით და კორუფციული გარიგებებით, რასაც ეწირება თბილისში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ოთო ფარულავა. 

კალაძის განცხადებით, რუსთაველის რეაბილიტაციის ფარგლებში პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის გამოც სამუშაოებს ხმაური, მტვერი და გადაადგილების შეფერხება ახლავს. მერი მოსახლეობას ნოემბრის ბოლომდე მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირი „საუკეთესო პროექტი იქნება, რომლითაც ყველა იამაყებს“.

 

მსგავსი სიახლეები