რიჟვაძემ მკურნალობის ხარჯების დასაფარად ბინა გაყიდა და საბანკო სესხები აიღო

26.08.26 22:53
რიჟვაძემ მკურნალობის ხარჯების დასაფარად ბინა გაყიდა და საბანკო სესხები აიღო

თორნიკე რიჟვაძემ მკურნალობის ხარჯების დასაფარად ბინა გაყიდა და საბანკო სესხები აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მიერ შევსებულ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა.

გამოცემა წერს, რომ დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს ბინის გაყიდვა და დამატებით სესხების აღება მოუხდა იმისთვის, რომ თურქეთში მკურნალობის ხარჯები დაეფარა.

ოჯახის თანახმად, მას მკურნალობა თურქეთიდან წასვლის შემდეგაც დასჭირდა.

თორნიკე რიჟვაძის სამედიცინო მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი 157 000 დოლარზე მეტია.  ამასთან, საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო ავიატრანსპორტირების ხარჯი 17 500 დოლარს შეადგენს, რაც მისმა დედამ, მადონა ბოლქვაძემ გადაიხადა. 

დეკლარაციის მიხედვით, გარკვეული ხარჯები გაღებულია თურქულ ლირაშიც. მაგალითად, 75 146 ლირაა გადახდილი ოფთალმოლოგის და კიდევ სხვა სამედიცინო მომსახურებაში.

გამოცემის თანახმად თორნიკე რიჟვაძე ამჟამად, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში იმყოფება, რადგან ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძის დედას ავანსის სახით 37 270 ფუნტი სტერლინგი აქვს გადახდილი.

დიდ ბრიტანეთში უნდა სწავლობდნენ თორნიკე რიჟვაძის შვილებიც, მათი სწავლის საფასურად დეკლარაციაში 25 395 ფუნტი სტერლინგია მითითებული, რაც ასევე მადონა ბოლქვაძემ გადაიხადა. 

დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული.

ცნობისთვის, პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები