მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის პენსიონერს 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

27.08.26 12:28
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის პენსიონერს 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

69 წლის პენსიონერ მამაკაცს, რომელიც საპროტესტო აქციის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავების მიზეზი თავდაპირველად მამაკაცის მაისურზე დატანილი წარწერა გახდა, რომელიც სამართალდამცველებს არ მოეწონათ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პოლიცია დაკავებისთვის საფუძვლის შექმნას ხელოვნურად ცდილობდა და მოგვიანებით მამაკაცს სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გინებაშიც დასდეს ბრალი.

მას შემდეგ, რაც მარში დამთავრდა, წავიდა და კანცელარიის წინ იჯდა. მშვიდობიანად ტელეფონში თამაშობდა და ამ დროს მივიდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ გაჰყოლოდა. პოლიციის მოთხოვანს დაემორჩილა. შემდეგ უთხრეს, რომ მაისურზე რომ ეწერა, ეგ იყო შეურაცხმყოფელი და ასევე უთხრეს, რომ პოლიციელებს რატომ აგინებდა. მან უთხრა, რომ პოლიციელებისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მიუხედავად ამისა, მაინც დააკავეს ორი მუხლით: ერთი მაისურის ნაწილში 166 მუხლით წვრილმანი ხულიგნობით და ასევე დააბრალეს, რომ თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. დამკავებელი იყო პოლიციის უფროსი ლადო სადღობელაშვილი და შემდეგ ოქმი გააფორმეს სხვა პოლიციელებმა, რომლებმაც თქვეს, რომ თითქოს მათ აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. სამხრე კამერების ჩანაწერები მოიტანეს, თუმცა იქ არანაირი გინება ასახული არ იყო, - ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. 

69 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები