მოსამართლემ ლევან ახობაძის პროცესი დახურა

27.08.26 14:01
მოსამართლემ ლევან ახობაძის პროცესი დახურა

მოსამართლემ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი დახურა. 

დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარე დააყენა. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი გვიყვება, პროკურატურის წარმომადგენლები პროცესზე ამბობდნენ, რომ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოუწევდათ საუბარი და რომ ლევან ახობაძის ოჯახის წევრების და საქმის მოწმეების უსაფრთხოება არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. 

ლევანა ახობაძის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი სხდომაზე ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია პროცესი საზოგადოებისთვის ღია და საჯარო ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. 

მთავარი კითხვაა, ალაპარაკდება თუ არა ლევან ახობაძე გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ?

უფლებადამცველი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ "არაფერი სამამხილებლო არ არსებობს" და გრიგოლ ლილუაშვილი არ არის მოწმეთა სიაში. 

ბატონი ლევანი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ. გრიგოლ ლილუაშვილი არ არის მოწმეთა სიაში. ახლა ამ წუთას ამ ფაქტებთან დაკავშირებით და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ნამდვილად არ შედის, როგორც ჩემი კლიენტის საუკეთესო ინტერესებში, ასევე საქმის ინტერესებში. ლევანა ახობაძე თავისი მოღვაწეობით ემსახურებოდა ქვეყანას, კეთილსინდისიერად ის ასრულებდა თავის მოვალეობას. არაფერი სამამხილებლო არ არსებობს. მართლმსაჯულებას და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერი არ იქნება და ვერაფერი ვერ იარსებებს, რომ გამოიწვიოს რაიმე გახარება თუნდაც ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის," - ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი. 

ადვოკატი, დავით სიმონია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ლევან ახობაძეს ადვოკატების გარდა, არანაირი კომუნიკაცია არ აქვს და ლევანა ახობაძის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას არანაირი კავშირი არ აქვს გრიგოლ ლილუაშვილთან. 

არანაირი კომუნიკაცია მას არ აქვს, გარდა ადვოკატებისა. ლევანა ახობაძის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს თქვენს მიერ დასახელებულ პირებთან. ერთი არის ვერსია, რასაც აცხადებს პროკურატურა, მეორე არის ის კონკრეტული ინფორმაცია, რაც საქმეშ მოიპოვება, შესაბამისად მე გიდასტურებთ იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ეხება უშუალოდ ლევან ახობაძის საქმეს და ვადასტურებ, რომ ის არ აღიარებს არანაირ ბრალს და შესაბამისად არც რაიმე სახის ურთიერთობებს სხვა პირებთან. ბრალი იქნება თუ ფორმულირება, სრულიად აბსურდულია და არცერთ ნაწილში ლევანა ახობაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომელიც დაადასტურებს მის უდანაშაულობას და გარდა მაგისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც წარადგინა ბრალდების მხარემ. ვერც ერთი ჩვენება, რომელიც საქმეში მოიპოვება, მის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს," - თქვა დავით სიმონიამ.

ლევან ახობაძის პროცესს დახურვამდე სუს-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ესწრებოდნენ, სასამართლო დარბაზში იყო გიორგი შინჯიკაშვილიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები