"პირველების" ინფორმაციით, 16 წლის ბრალდებულის ძმამ სასამართლოს უთხრა, რომ გარდაცვლილს სექსუალური ძალადობის მცდელობა მასთანაც ჰქონდა
რუსთავის საქალაქო სასამართლო 16 წლის მოზარდის საქმეს იხილვას, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქის განზრახ მკვლელობას ედავებიან.
- დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.
- ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.
"პირველების" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სასამართლოს ჩვენება მისცა დაკავებული ბიჭის ასევე არასრულწლოვანმა ძმამ, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილ კაცს სექსუალური ძალადობის მცდელობა მასთანაც ჰქონდა.
ბრალდებული 16 წლის მოზარდი 50 წლის კაცის მკვლელობას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული სექსუალური ძალადობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა. იგივეს ამტკიცებს დაკავებულის ოჯახი და სახელმწიფოს გვერდით დადგომას სთხოვს.
მივმართავ სახელმწიფოს, რომელმაც იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. მივმართავ საზოგადოებას, განსაკუთრებით მამებს - მხარი დამიჭირონ, რადგან არავინ არ იცის, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდება მისი შვილი. ჩემი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო, გთხოვთ დამიდგეთ გვერდით", - ამბობს 16 წლის მოზარდის მამა.
დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დაკავებული მოზარდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.
ადვოკატი ასევე ითხოვს ბრალის (განზრახ მკვლელობის) გადაკვალიფიცირებას.
პროკურატურის პოზიცია და თვითონ ბრალდება ძალიან არასამართლიანია. უდანაშაულო ბავშვს დღეის მდგომარეობით ედავებიან არა გადაცილებას, არამედ პირდაპირ მკვლელობას და ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხელოვნურად ამძიმებენ არასრულწლოვანი უდანაშაულო ბავშვის სამართლებრივ მდგომარეობას. პროკურორებმაც იციან, სასამართლომაც იცის, რომ არის მოძალადე პედოფილის მსხვერპლი და მოზარდი მოქმედებდა სუფთა აუცილებელი მოგერიების პირობებში, რადგან ბავშვი ვერ იტყვის, რომ მოდი 10-ჯერ გამაუპატიურე და მერე მივხდები, რომ შენ მოძალადე პედოფილი ხარ. მან თავი დაიცვა, გამოიყენა დანა, ვინაიდან ჩაკეტილ სივრცეში იყო, ვერ გადახტებოდა მეოთხე სართულიდან და ეს ერტადერთი გზა ჰქონდა", - ამბობს ადვოკატი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.