ბელარუსში რეგისტრირებულმა სატვირთომ საქართველოს საბაჟოზე 1 132 185 ლარის უაქციზო სიგარეტი გადმოიტანა - სად მიდიოდა ტვირთი?
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ბელარუსში რეგისტრირებულმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნის ზედაპირებისთვის განკუთვნილი ე.წ. კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა. ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად კი აღმოაჩინეს მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202 176 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირებისთვის განკუთვნილი კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
უფლებამოსილი პირების მიერ, პალეტებზე განთავსებული ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202 176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის - ,,NZ“, ,,MINSK" და ,,Queen Menthol“.
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.