ხორბლის ფასი ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ბოლო სამი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შავი ზღვის რეგიონიდან მარცვლეულის მიწოდების მკვეთრი შემცირება და ლოგისტიკური პრობლემები განაპირობებს. ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 2,6%-მდე გაძვირდა და 2023 წლის ივლისის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ფასის ზრდა დაახლოებით 18%-ს შეადგენს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბაზარზე შეშფოთებას შავი ზღვის პორტებსა და გადაზიდვებზე არსებული საფრთხეები აძლიერებს. რუსეთსა და უკრაინაზე ერთად მსოფლიო ხორბლის ექსპორტის მეოთხედზე მეტი მოდის, რის გამოც რეგიონიდან მიწოდების შეფერხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის.
უკრაინის აგროექსპორტი ომისა და საზღვაო ლოგისტიკის შეზღუდვის გამო მკვეთრად არის შემცირებული. აგვისტოს პირველ 18 დღეში ქვეყანამ დაახლოებით 900 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაიტანა, რაც სრული ლოგისტიკური შესაძლებლობის პირობებში პოტენციური მოცულობის მხოლოდ 31%-ია. უკრაინის ხელისუფლება გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ ექსპორტის ხანგრძლივმა შეფერხებამ შესაძლოა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზეც მოახდინოს გავლენა.
მიწოდება მცირდება რუსეთის მხრიდანაც - აგვისტოს პირველ 20 დღეში რუსული ხორბლის საექსპორტო გადაზიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2,6-ჯერ შემცირდა. ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ თუ შავი ზღვის რეგიონში გადაზიდვების უსაფრთხოება არ გაუმჯობესდება, იმპორტიორებს უფრო ძვირი ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება მოუწევთ, რაც ხორბლისა და საბოლოოდ სურსათის ფასებზე დამატებით ზეწოლას შექმნის.