„მოულოდნელი შოკი იყო, საერთოდ არ ველოდებოდი“ - სიმონ მახარაძე ციხიდან გათავისუფლებაზე
„მოულოდნელი შოკი იყო, საერთოდ არ ველოდებოდი“ - მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული სიმონ მახარაძე "პირველებთან" ციხიდან გათავისუფლების პირველ წუთებსა და პატიმრობაში გატარებულ მძიმე თვეებს იხსენებს.
დაახლოებით იყო 9 საათი, ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრეს, რომ "გაემზადე, შეწყალება შეგეხოო". მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი. დაწერილი მქონდა შეწყალებაზე, მაგრამ იმედი არ მქონდა, რომ ესენი რაღაცას გააკეთებდნენ. ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად ვიყავი. გავემზადე და გარეთ რომ გამომიშვეს. ჟურნალისტები დამხვდნენ, ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ არ მივეცი და წამოვედით პირდაპირ დათოსთან სახლში. ცოტა ფეხით გამოვისეირნეთ, მონატრებულები ვიყავით.
მძიმე თვეები იყო იმ მხრივ, რომ შეზღუდვები მქონდა ტელეფონთან დაკავშირებით, აკრძალვები მქონდა, ოჯახის წევრებთან პაემანს ვერ ვაკეთებდი და სასამართლეობშიც იმის მოლოდინში, რომ აი, შეიძლება 5 წელი მოეცათ და საპროცესო როცა შემომტავაზეს, ეგრევე დავთანხმდი, რომ ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი. 18 აგვისტოს გავხდი 23 წლის. ზუსტად 50 დღე მქონდა დარჩენილი, 16 ოქტომბერს მიწევდა გამოსვლა, - ამბობს სიმონ მახრაძე.
სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული (1 წელი საპატიმრო, 3 წელი პირობითი) და ციხეს რამდენიმე თვეში, კერძოდ ოქტომბერში ტოვებდა.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.