აფხაზი ბლოგერის მეგობრების თქმით, დაურ ბუავა სისტემატურად იღებდა მუქარებს - მას პირველადი დათვალიერებით, გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება

28.08.26 15:27
აფხაზი ბლოგერის მეგობრების თქმით, დაურ ბუავა სისტემატურად იღებდა მუქარებს - მას პირველადი დათვალიერებით, გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება

რა გახდა აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი? - დაურ ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ 30 წლის ბლოგერი სისტემატურად იღებდა მუქარებს. განსაკუთრებული აგრესიით კი ის ადამიანები გამოირჩეოდნენ, ვინც აფხაზებისა და ქართველების შერიგების შესახებ დაღუპულის მოსაზრებებს არ იზიარებდნენ. 

დაურ ბუავას მეგობარი ამბობს, რომ საქმიანობიდან გამომდინარე ისინი მუდმივად იღებდნენ მუქარას, თუმცა ეს სოციალურ ქსელს არ გასცდენია. 

მისივე ცნობით, ექსპერტებმა პირველადი დათვალიერების შემდეგ გარეგნული დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს. 

22-ში მქონდა მე პირადად ბოლო კომუნიკაცია, ვიკრიბებოდით მეგობრები, დავუძახე და ტელეფონი მაქვს გატეხილიო და ვერ შევძლებო მოსვლასო და შემდეგ კიდევ ერთხელ დავურეკე და გათიშული იყო, ალბათ ვიფიქრე, რომ ჯერ არ გაუკეთებია და დამირეკავსთქო, გუშინ უკვე რომ მივედით დილის სამი საათი იყო, მთელი ღამე იქ ვიყავით. ექსპერტები იყვნენ მოსულები და პირველადი დათვალიერებით თქვეს, რომ არანაირი გარეგნული, ძალადობრივი დაზიანება არ აღენიშნება. გადაიყვანეს სამხარაულში და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. 

რასაც დაური აკეთებდა, იმ საქმეს, რა თქმა უნდა, მუქარები ყოველთვის იყო, ჩემს მიმართაც არის მუქარები, ჩვეულებრივი ამბავი არის, მაგრამ ეს სოციალური ქსელების მიღმა არ ვრცელდებოდა. არ მგონია, რაიმე ძალადობრივი ნიშანი ჰქონდეს დაურის გარდაცვალებას. 

დავაფუძნეთ ორგანიზაცია "ამრა" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვანახებდით მაგალითად  თბილისში რა ხდება, კომენტარებს ვაკეთებდით აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ამის გამო ყველა ვიღებდით მუქარებს, არა მარტო დაური, ვინც ზოგადად ამ საქმეში არის ჩართული. ოღონდ ეს არის ინტერნეტ მუქარები," - ამბობს 30 წლის ბლოგერის მეგობარი. 

დაურ ბუავას ახლობელი კობა ჭითავა აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ცდილობდა "ფარდა ჩამოეხსნა იმ რეჟიმისთვის, რა რეჟიმიც არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში" და ბუნებრივია, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.  

დაური იმდენად სენსიტიური და სერიოზული თემებით იყო დაკავებული, არასერიოზული იქნება იმის მტკიცება, რომ მუქარები არ იყო, ან არ იქნებოდა. ბუნებრივია იქნებოდა მუქარები, თუმცა ცალსახად ამის თქმა ცოტა რთულია. დაური იყო პირველი მერცხალი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში იმდენად, რამდენადაც მან დაამსხვრია მითი და სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ აფხაზი ქართველისთვის მტერია და ქართველი აფხაზისთვის მტერია. ის სულ ცდილობდა, რომ ფარდა ჩამოეხსნა იმ რეჟიმისთვის, რა რეჟიმიც არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში და საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახე წარმოეჩინა და ეჩვენებინა აფხაზური საზოგადოებისთვის. ბუნებრივია, ამას ბევრი მტერი ეყოლებოდა, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ," - ამბობს კობა ჭითავა. 

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს -  გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში  აღმოაჩინა.  

გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ნაქირავებ ბინაში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია. 

მსგავსი სიახლეები