დენის კულანინი საქართველოს 1 სექტემბერს დატოვებს - რუსი აქტივისტი მესამე ქვეყანაში გაემგზავრება
ყაველაშვილის მიერ შეწყალებული რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს, დღის პირველ საათზე დატოვებს და მესამე ქვეყანაში გაემგზავრება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მანამდე კულანინი კიდევ 48 საათს საემიგრაციო ცენტრში პატიმრობაში გაატარებს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც აქტივისტის სასამართლო დარბაზიდან თავდებით გათავისუფლებას ითხოვდა.
კულანინი მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც შეიტყო, რომ საქართველოდან გაძევებისა და რუსეთში დეპორტაციის საფრთხე არსებობდა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტს რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ კულანინი რუსეთში არ გაემგზავრება - ის საქართველოს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა. რომელ ქვეყანაში გაემგზავრება აქტივისტი, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ჟღერდება.
მიგრაციის დეპარტამენტმა დააყენა შუამდგომლობა, გაძევების პროცედურების დაწყებამდე დენის კულანინი მოთავსებულიყო დარჩენილიყო მიგრაციის დეპარტამენტში. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ. წარმოვადგინეთ ბილეთები, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ რამდენიმე დღეში დენიზ კულანინი თავისი ნებით დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და სანამ გაფრინდება დენის კულანინი, მოუწევს მიგრაციის დეპარტამენტში ყოფნა, - ამბობს ადვოკატი.
- ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.
დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.