დაურ ბუავას საქმეზე ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა პატიმრობას მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ასაბუთებდა. ბრალდების მხარის განცხადებით, კირლიუკმა ბუავა მძიმე მდგომარეობაში დატოვა და ამის შესახებ არც პოლიციას და არც იმ ადამიანებს შეატყობინა, რომლებთანაც მოგვიანებით ჰქონდა კომუნიკაცია.
დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა. ადვოკატ ხათუნა ჩხაიძის განცხადებით, ბრალად წარდგენილი დანაშაული მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება, თავად კირლიუკი კი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.
საქმეზე გამოძიება განსაცდელში მიტოვების გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მიმდინარეობს. ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.
მსგავსი სიახლეები
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.