ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს
პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს არასრულწლოვან შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.
ინფორმაცია ამის შესახებ “პირველებს“ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა დაუდასტურა, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში ხვდება.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას გაავრცელებს.
მას ჰქონდა შვილებთან ჩანიშნული პაემანი, ის გაუუქმეს. ეს წინა კვირაში იყო. მიზეზი არ ვიცით, რა იყო. შემიძლია კონტრკითხვა დავსვა, რა იყო მიზეზი, მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, - ამბობს გელაშვილი.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, გულნატკენიც, რადგან მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად, - ამბობს უფლებადამცველი.