იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა

31.08.26 15:22
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

IPN.GE-ს ცნობით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, ვინ იქნებიან სამუშაო ჯგუფის წევრები.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილია დავით მამისეიშვილის კანდიდატურა მოსამართლეობის კანდიდატად. შესაბამისად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ გაიგზავნა წერილები ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომ თავიანთი კანდიდატურები სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილიყო.

გაცნობებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილია არჩილ გორდულაძის, რატი იონათამიშვილის დავით მათიკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, აკაკი ალადაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურები. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილია გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა, ხოლო საპარლამენტო ჯგუფი „ევროპელი სოციალისტებისგან“ ნიკა ელისაშვილი.

რაც შეეხება არასაპარლამენტო სუბიექტებს, ტრადიციისამებრ, რომელიც არაერთი წელია დამკვიდრებულია და როგორც წესი, არის ხოლმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, ამ შემთხვევაში ოთარ ჩახუნაშვილი იქნება ამ სამუშაო ჯგუფის წევრი. შემდეგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი.

გთავაზობთ, სამუშაო ჯგუფის ვადად განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი.

ასევე, გაცნობებთ, რომ ფრაქციას „საქართველოსთვის“ გაეგზავნა წერილი. მათ აპარატთან კომუნიკაციის შედეგად დადასტურებული იქნა, რომ ისინი სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნებიან.

ამავდროულად, კომიტეტის თითოეული წევრისთვის გაგზავნილია კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა და ჩვენ შეგვეძლება, კანონით გათვალისწინებულ ვადაში და არა უადრეს 14 დღისა, მოვუსმინოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს“, - განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები