აფხაზი ბლოგერის საქმე - ადვოკატი საეჭვო გარემოებას ასახელებს
დაურ ბუავას ოჯახი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება.
ოჯახის ადვოკატის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქმეში არაერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, მათ შორის - რატომ დატოვა დაკავებულმა ვალერია კირლიუკმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა ჩაკეტილ ბინაში და როგორ შეძლო კარის გარედან დაკეტვა, თუ თავადაც იმდენად შეუძლოდ იყო, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.
დღეს ვესაუბრეთ პროკურორს, დაგვპირდა, რომ გაგვაცნობს საქმის მასალებს და შესაბამისად, იმას, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, რაც საქმეში არის და რაზეც ჩვენ ეჭვები გვაქვს, ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
აქ არ ყოფილა თვითმკვლელობა, რომელიც აქვს გამოძიებას ამ ეტაპზე დაწყებული. ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას. რაც შეეხება რომელი მუხლით უნდა იყოს გადაკვალიფიცირებული, ეს უკვე გამოძიების შემდეგ დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შემდეგ.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში რაც ჩანს, როგორც არის ეს ქალბატონი, უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ეს იყო განზრახული ქმედება, რატომ დატოვა კარი დაკეტილი, რატომ არ დატოვა ღია. ან თუ ასე შეუძლოდ იყო, ძლივს გამოდის ლიფტიდან, როგორ მოახერხა კარის დაკეტვა? ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს პროკურატურასთან, გამოძიებასთან, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.
საქმეზე გამოძიება განსაცდელში მიტოვების გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მიმდინარეობს. ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.