დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

01.09.26 13:32
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ირკვევა, ბრალდებული საბა ბოჭორიშვილი და გივი გუდაძე ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდნენ. გარდაცვლილი დაურ ბუავა კი სწორედ აქედან იცნობდა მათ. 

  • გამოძიება ამბობს რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა აფხაზ ბლოგერს უსასყიდლოდ გადასცა მკვლელი ნივთიერება, მეორის სახლიდან კი დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული

საბა ბოჭორიშვილის უფლებადამცველის, გიორგი მეგრელიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 0,24 გრამი მარიხუანას პირადი მოხმარებისა და შენახვისთვის დააკავეს და დაურ ბუავას გარდაცვალებასთან არავითარ კავშირში არ არის. 

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. 

ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არაფერ კავშირში არ არის დაურ ბუავას გარდაცვალებასთან, ანუ მცირე ნარკოტიკული, 0,24 გრამი მარიხუანას პირადი მოხმარებისა და შენახვისთვის არის დაკავებული. უბრალოდ იცნობდა დაურ ბუავას, სამუშაო ადგილიდან გამომდინარე, საშაურმეში მუშაობდა. საერთო სამსახურში მუშაობენ საბა ბოჭორიშვილი და გივი გუდაძე. 

დაახლოებით, 5 000 ლარამდე მოვითხოვთ, რომ სასამართლომ განსაზღვროს და დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს," - ამბობს ადვოკატი, გიორგი მეგრელიშვილი. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს  საბა ბოჭორიშვილის და გივი გუდაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალდებულები სასამართლოში ჯერ არ გადაუყვანიათ. 

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდება წარედგინა კიდევ ორ პირს. 

შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.

საქმეზე გამოძიება განსაცდელში მიტოვების გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მიმდინარეობს. ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.