სცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს - პრემიერი პროტესტის მონაწილეებზე

01.04.21 11:37
სცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს - პრემიერი პროტესტის მონაწილეებზე

საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქრთველოში ვიზიტს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პოზნერი და მისი სტუმრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ, თუმცა რეგულაციების დარღვევის გამო, დაჯარიმდნენ. 

ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან შესაბამისობაში. რაც შეეხება, სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება, ასევე ყველა ინდივიდი, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისარგებლა. პრემიერი სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს და მათ დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს.  

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის.  ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაც-მოძრაობის“ პროტესტის ეს ფორმა. აშკარად სცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაც-მოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერები ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოუშვა და კომენდანტის საათის დარღვევის უფლება მისცა.  დისკომფორტი ღამის ქეიფს ოკუპირებულ საქართველოში მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებმა შეუქმნეს, ისინი პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პოზნერმა მეგობრებთან ერთად ივახშმა.  ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.