ქართველი მსახიობი ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

02.09.26 15:31
ქართველი მსახიობი ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

გერმანიის მოქალაქე ქართველი მსახიობი, ბექა ბედიანაშვილი ამბობს, რომ ანტისახელისუფლებო პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს.

ბედიანაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ ერთი წლის წინ რუსთაველზე ყოფნის გამო ჯარიმა აქვს გადასახდელი - "თავიდან 1000 მითხრეს, მერე 5000, თუ არ გადაიხდით, ვერ შეხვალთო. თუ გადაიხდით, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეხვალთო".

ახალგაზრდა კაცი, რომელიც აეროპორტიდან უკან გერმანიაში გააბრუნეს, ამბობს, რომ "ოცნების" პირობებში მის მშობლიურ ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.  

"ველაპარაკე გერმანიის საელჩოს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ვისურვებდი, რომ ჩემმა პოლიტიკოსმა მეგობრებმა და გერმანიის საელჩომ უკმაყოფილება გამოხატონ" - ამბობს ბედიანაშვილი. 

ხალხო, ასე გამოიყურება, როდესაც იმ ქვეყანაში არ გიშვებენ, სადაც დაიბადე. ახლა პოლიციელებს მივყავარ თვითმფრინავში და ბერლინში გადავფრინდები, რადგან შესვლაზე უარი მითხრეს. მიზეზი საკმაოდ სასაცილოა: პოლიტიკურად აქტიური ვარ. გასულ წელს ბოლო ოპოზიციურ არხზე ვთქვი ის, რაც ვთქვი. ასევე სამი კვირის წინ ფრანკფურტში გენერალურ კონსულს ვუთხარი, რომ გარკვეული მიზეზების გამო ტელევიზიით აღარ გამოვიდოდი. თავდაპირველად დიდხანს მამყოფეს დაკავებული. ჯერ დამაბრალეს, რომ თითქოს სხვა სახელი მქონდა. შემდეგ დამაბრალეს, რომ 2 ოქტომბერს რაღაც ჩავიდინე — შევძელი დამემტკიცებინა, რომ იმ დროს გერმანიაში ვიყავი.

დროდადრო მიდიოდნენ და უფრო „მნიშვნელოვან“ პირებს იძახებდნენ ჩემნაირ არამნიშვნელოვან ადამიანთან დასალაპარაკებლად. საბოლოოდ, დიდი ხნის შემდეგ დამაბრალეს, რომ 3 აგვისტოს აქციაზე (ალბათ ჩემს ინსტაგრამზე ნახეს, სადაც ჩემს 4 წლის ქალიშვილთან ერთად ვსეირნობდი) კანონი დავარღვიე. ვიკითხე, თუ რომელ კანონებზე იყო საუბარი — მითხრეს, რომ ვერ მეტყოდნენ. ვიკითხე, არსებობდა თუ არა ვიდეო ან ფოტომასალა— მითხრეს, რომ ვერ მეტყოდნენ. მითხრეს, რომ ჯარიმაა 1000 ლარი. მოგვიანებით სხვა მოვიდა და თქვა, რომ ჯარიმა 5000 ლარია. ვუთხარი, ახლახან ხომ 1000 თქვით-მეთქი — მითხრეს, რომ მოგესმათო. საბოლოოდ მითხრეს, თუ არ გადაიხდით, ვერ შეხვალთო. თუ გადაიხდით, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეხვალთო.

ვიკითხე, ეს რა თამაშია, ვინ წყვეტს, შემომიშვებენ თუ არა ჯარიმის გადახდის შემდეგ-მეთქი — მითხრეს,რომ ამას ჩვენ ვწყვეტთო. ვიკითხე, როგორ წყვეტთ-მეთქი — მითხრეს, რომ ამას ვერ გეტყვითო. ახლა ვერ შევდივარ.
უკვე ველაპარაკე გერმანიის საელჩოს. ბერლინში ჩაფრენის შემდეგ შევეცდები ყველაფერი გავარკვიო, რათა მომავალში ისევ შევძლო ჩემი მშობლიური ქვეყნის სტუმრობა და აქ დასვენება. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ამ მთავრობის პირობებში ვერ შემოვალ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ვისურვებდი, რომ ჩემმა პოლიტიკოსმა მეგობრებმა და გერმანიის საელჩომ (ვინაიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობა მაქვს) თავისი უკმაყოფილება გამოხატონ. გმადლობთ ყურადღებისთვის.“ - ამბობს ბექა ბედიანაშვილი.