მინდია ჭაღიაშვილის საქმე - "პირველებმა" მოიპოვა ჩანაწერი, სადაც დაზარალებულად ცნობილი ქალი მთავრობაში გავლენებით იმუქრება
აქვს თუ არა კავშირი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებული გვანცა ჟორჟოლიანის გავლენიან მფარველებთან? - მინდია ჭაღიაშვილს პირველმა ინსტანციამ ბინის ქურდობა ვერ დაუმტკიცა, ამიტომ 5 წლით ციხეში ნარკოტიკების შენახვისთვის გაუშვეს. სააპელაციომ კი ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ამჯერად ქურდობის მუხლიც დაუმატა.
"ტვ პირველმა" მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ქურდობის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, გვანცა ჟორჟოლიანი დაკავებულს გავლენიანი ნაცნობებით ემუქრებოდა.
"ჩემი ბიძაშვილი არის ლევან ჟორჟოლიანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, განყოფილების უფროსს პირდაპირ შინაგან საქმეთა მინსიტრი ელაპარაკა, ციხეშიც არ მოვასვენებენ" - ისმის ჩანაწერში.
სატელეფონო ჩანაწერები, რაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრის სახელით მუქარებს ადასტურებს, მოსმენილი აქვს საქმის პროკურორსაც.
- გვანცა ჟორჟოლიანის სახლის ქურდობის გამო დაკავებული კაცი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ეს ბრალდება ჭაღიაშვილს მოუხსნეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დღეს განაჩენი გააუქმა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მინდია ჭაღიაშვილი ქურდობაში დამნაშავედ გამოაცხადა და ხუთ წლიანი პატიმრობის ნაცვლად ციხეში შვიდი წლით გაუშვა.
მინდია ჭაღიაშვილის მეუღლე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებას ადვოკატის სტატუსით ესწრებოდა ამბობს, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩადეს, სავაუდოდ იმიტომ, რომ ე.წ დაზარალებულის მოთხოვნით მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად ამ საქმეზე ვინმე უნდა დასჯილიყო.
მინდია ჭაღიაშვილის საქმე უზენაეს სასამართლოში მიდის. ადვოკატები ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებას მესამე ინსნტაციაში გაასაჩივრებენ.