"დაშინების მიზნით მომიგზავნეს დაქირავებული TV იმედის თანამშრომლები" - თამაზ ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილი საკნიდან ტვ პირველს ახალ წერილს უგზავნის. ცხოველთა უფლებადამცველი დარწმუნებულია რომ მისი უმწვავესი პოსტებით შეწუხებულმა "ქართულმა ოცნებამ" მისივე პარტიის პროპაგანდისტების საშუალებით პროვოკაცია მოუწყო, რათა ციხით გაეჩუმებინათ.
"ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მივიღე, პოლიციაში მიჩივლეს... რისი შეშინდათ, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის", - წერს წერილში თამაზ ელიზბარაშვილი.
სწორედ ჩემი დაშინების მიზნით მომიგზავნეს დაქირავებული TV იმედის თანამშრომლები.
7 კაცმა მორალი მიკითხა, რომ თურმე უკრაინის მხარდამჭერი პოსტების განთავსება ჩემს Facebook-გვერდზე სამარცხვინო საქმე ყოფილა. TV იმედის აუგად მოხსენიებისთვის კი ბოდიში უნდა მომეხადა მათთვის. ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მივიღე, პოლიციაში მიჩივლეს.
ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, TV იმედის შვიდი „ვაჟკაცი“ თანამშრომელი ისე შეაშინა, რომ, როგორც თავად ამბობს, დღემდე უნებლიე შარდვა აქვს.
სასაცილოა, ხომ?
რისი შეშინდათ, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის.
დაქირავებული რუსული TV იმედის 7 ბრგე „ვაჟკაცი“ კურდღლებივით ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ და ისე გარბოდნენ".- წერს წერილში თამაზ ელიზბარაშვილი.
ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.
რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.
- სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.
საქართველოს მთავარამ პროკურატურა მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.
უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.
- "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.