გრიგოლ ლილუაშვილს განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოუტანონ
სუს-ის ექს შეფს, გრიგოლ ლილუაშვილს განაჩენი შესაძლოა დღეს გამოუტანონ - სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა გაიხსნას.
დღევანდელ პროცესზე ბოლო სიტყვას ადვოკატები იტყვიან - უფლებადამცველების თქმით, სუს-ის ყოფილი უფროსი მზად არის, საბოლოო სიტყვაც დღესვე თქვას. ამიტომ სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო თარაშვილი ვერდიქტს დღესვე გამოაცხადებს. სხდომა 18:00 საათამდეა გაწერილი.
გრიგოლ ლილუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატების მტკიცებით, ბრალად წარდგენილ 4 ეპიზოდში პროკურატურას გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ "4 მტკიცებულებაც არ აქვს".
ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს 4 ეპიზოდს ედავება, თუმცაღა, 4 მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ მან რეალურად ჩაიდინა დანაშაული.
ერთადერთი, სახეზე გვაქვს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენება და ესეც სრულად ანულირებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. არაერთი მსჯელობა გვაქვს დღევანდელ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილი სამართლებრივი თვალსაზრისით და ჩვენ ვთვლით, რომ ამ მსჯელობებით და ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად გაბათილდება ის პოზიცია, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში თავის საბრალდებო დასკვნით სიტყვაში.
იმედი გვაქვს იმის, რომ სასამართლო არის ის რგოლი, რომელიც იმსჯელებს ფაქტებზე და მხოლოდ ერთადერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი, რადგან სამართლებრივი მსჯელობისგანაა დაცლილი ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს ედავება“, - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ აქვთ პირდაპირი მტკიცებულებები, რაც სუს-ის შეფის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არის საჭირო.
მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია, ერთმნიშვნელოვნად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, მათ შორის, ასევე გამოკვლეული იქნა სხვა ხასიათის მტკიცებულებებიც, რომლებიც ურთიერთ თანხვედრაში მოდის მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა. თუმცა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს და ვნახოთ, ის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს", - ამბობს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.