დანიის განცხადებით, რუსულმა ფრეგატმა მათ სამხედრო ვერტმფრენს სასიგნალო რაკეტები ესროლა - უწყებაში დაიბარეს რუსეთის ელჩი
დანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 15 სექტემბერს რუსულმა ფრეგატმა დანიის მახლობლად, საერთაშორისო წყლებში, დანიურ სამხედრო ვერტმფრენ „ფენეკის“ (Fennec) მიმართულებით ორი სასიგნალო რაკეტა გაუშვა; ერთ-ერთმა მათგანმა საფრენ აპარატთან „ძალიან ახლო მანძილზე“ ჩაიარა.
დანიელი სამხედროების ცნობით, ინციდენტის დროს ვერტმფრენი რუსული სამხედრო ხომალდის „ჩვეულებრივ“ მონიტორინგს ახორციელებდა დანიის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ გედსერის (Gedser) მიმდებარედ.
აღნიშნულმა ინციდენტმა დანიას რუსეთის ელჩის, ვლადიმერ ბარბინის დაბარებისკენ უბიძგა; დანიელმა ოფიციალურმა პირებმა დაგმეს ეს ქმედება და მას ქვეყნის სამხედრო ძალების მიმართ მიუღებელი საქციელი უწოდეს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მომხდარს რუსეთის მხრიდან „უგუნური ქმედება“ უწოდა.