კორუფციამ ციფრულ სამყაროშიც შეაღწია - TI
ანდრო მესხორაძის IT კომპანია „ჯეოსოფტი“ 660 ათასს ბიუჯეტიდან ისე იღებს, რომ ტენდერებში კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს - განცხადებას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
TI-ის შეფასებით, როგორც ჩანს, კორუფციამ ფორმა იცვალა და ახლა თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიების უკან იმალება.
"აი, რას აჩვენებს ფაქტები ანდრო მესხორაძის კომპანიაზე:
- ყველაზე სწრაფი ტრანზაქცია: 2026 წლის 20 ივლისს „ჯეოსოფტმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან 21,120 ლარის კონტრაქტი გააფორმა. ზუსტად მეორე დღეს, 21 ივლისს, კომპანიის მფლობელმა ანდრო მესხორაძემ „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი შესწირა.
- ნული კონკურენცია: 2022 წლიდან დღემდე შპს „ჯეოსოფტმა“ 11 სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ჯამში 660,000 ლარის ღირებულებით. თერთმეტივე შემთხვევაში კომპანია ბაზარზე ერთადერთი პრეტენდენტი იყო. არცერთი კონკურენტი, არცერთი ალტერნატივა.
- დაკოპირებული ტენდერები: საინტერესოა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვებიც. 2026 წლის ივნისში მაუწყებელმა კომპანიასთან 92,539 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ზუსტად იგივე შემსყიდველი, ზუსტად იმავე თანხაზე (92,539 ლარი), კომპანიამ 2025 წლის ივნისშიც უკონკურენტოდ მიიღო.
- მუდმივი შემწირველი: ანდრო მესხორაძის ლოიალობა მხოლოდ ერთი გადარიცხვით არ შემოიფარგლება. 2016 წლიდან დღემდე მას „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 108,000 ლარი აქვს შეწირული.
თანამედროვე ფასადის მიღმა ძველი, კარგად ნაცნობი სქემა მუშაობს. ბიზნესმენი აფინანსებს მმართველ პარტიას, სანაცვლოდ კი სახელმწიფო უწყებები (თბილსერვის ჯგუფი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) მას ტენდერებს კონკურენტების გარეშე აძლევენ"- წერს საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო".