“მადლობა საქართველო, თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ” – ახმეტელი ექიმის მიმართვა
“მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის.
პატიმრიბიდან გათავისუფლებული მედიკოსის გზავნილს "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
“მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე.
მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს – სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს – ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის.
მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს.
თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ.
მადლობა ჩემს ანგელოზს, ჩემს გაფრენილ ბიჭს სესეს, რომელთანაც საუბარში და ლოცვაში მთელი ღამე გავატარე საკანში. მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს და ჩემი ტაძრის მრევლს – გულმხურვალე ლოცვისთვის, სიყვარულისთვის.
ეს იყო ჯოჯოხეთი – სასოწარკვეთა, უიმედობა, უსინათლობა, და ამ საშინელ უკუნში ჩნდება მზის სხივი, ჩნდება იმედი – ხალხი, ადამიანები, ნათელი სულები. ჰოდა, ეს ცხოვრება არ არის რთული, სულ პირიქით – როცა მართალი ხარ, როცა დასამალი არაფერი გაქვს. მადლობა და ბოდიში, რომ საკმარისი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე”, – წერს ექიმი.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც გამ,ოძიება ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.
დაკავებულ ექიმს ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები მოქალაქეის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს, საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს.
რას ედავება გამოძიება მაია კოხტაშვილს:
- ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.