თავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
თავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა - გადაწყვეტილება პროკურატურის შუამგომლობის საფუძველზე რუსთავის სასამართლომ მიიღო, რის შემდეგაც ბრალდებული სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.
უფრო კონკრეტულად, სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით).
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა.
- სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.