თამაზ ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა - ადვოკატი

15.09.26 21:01
თამაზ ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებლის დადგენილებით,  „გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.

ინფორმაციას დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, მისი დაცვის ქვეშ ყოფს აეკრძალა - ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, მიმოწერის უფლება და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.

„თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.

აეკრძალა: 1. ხანგრძლივი პაემნის უფლება; 2. ხანმოკლე პაემნის უფლება; 3. მიმოწერის უფლება; 4. სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.

აკრძალვის საფუძვლები: 1.მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე; 2. მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; 3.მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“, - წერს ლექსო სვიმონიშვილი.

ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. 

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?

ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო. 

  • სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი.  3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.

შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა,  რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა  მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა  - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.