წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმე ფინალურ ეტაპზეა - სასამართლო ერთ-ერთ მთავარ მოწმეს უსმენს
საკუთარ დაბადების დღეზე წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. სასამართლო დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულ საბა რობაქიძეს უსმენს.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, რობაქიძემ, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, გამოძიებას დეტალურად უამბო როგორც თაზო მთვილიშვილისთვის მიყენებული დაზიანებების, ისე გიორგი პაპაშვილის შემდგომი მოქმედებების შესახებ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის, საბა რობაქიძის გამოკითხვა, რომელსაც დაცვის მხარე დაუსვამს შეკითხვებს. საბა რობაქიძე და ვერიკო კაპანაძე, რომელიც ასევე დაიკითხა სასამარტლო პროცესზე, იყვნენ ფიგურანტები, რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს და არა მხოლოდ შეესწრნენ, შემდეგ გიორგი პაპაშვილს დაჰყვებოდნენ ყველა მიმართულებით. დეტალურად აღწერა საბა რობაქიძემ არა მარტო დაზიანებები რა ფორმით მიაყენა, მათ შორის მანამდე სად იმყოფებოდა გიორგი პაპაშვილთან ერთად, ასევე აღწერა, რას უპირებდა თამაზ მთივლიშვილის ცხედარს გიორგი პაპაშვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, - თქვა დღეს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
პროცესს არ ესწრება რუსეთიდან ექსტრადირებული პაპაშვილი - ის მოწმეებზე ზემოქმედებაშია ბრალდებული და სხვა ბრალდებულების დაკითხვის დროს სხდომათა დარბაზში არ შეჰყავთ. სასამართლოში იმყოფება მოკლული ახალგაზრდის დედაც, რომელიც შვილის მკვლელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.
გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.
საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.