რას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი

16.09.26 18:11
რას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი

 

 

გრიგოლ ლილუაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს - დაცვის მხარე ამბობს, რომ ყველა ინსტანციაში იბრძოლებენ სუს-ის ექს-შეფის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. 

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წავიდეს.

რაც შეეხება თავად უკვე მსჯავრდებულ ყოფილ მინისტრს, ლილუაშვილს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს - სუს-ის ექს-შეფი განაჩენის გამოცხადებას დუმილით შეხვდა.

მხოლოდ სასამართლოს მივმართავ, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ერთადერთი მისია, რაც სასამართლოს აკისრია, რომ მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილები, ეს მისია შეასრულოს. მე „მესიჯს" მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სისტემას ვუგზავნი, რომლის პირველმა რგოლმა, თავისი ფუნქცია-მოვალეობა დღეს ვერ შეასრულა.

სამართლებრივი შეფასება გამიჭირდება სასამართლოს უსამართლო განაჩენთან მიმართებაში. დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს. კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

დაცვის მხარეს და ბატონ, გრიგოლ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება სამართლებრივი გზით. აღნიშნული დაუსაბუთებელი, უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება გასამართლდება სააპელაციო სასამართლოში.

სასამართლო უფრო მაღალი რგოლია, ეს არ არის ბრალდების მხარე, თუმცა თუ ბრალდების მხარის მსგავსად, სასამართლოც უკანონოდ იქცევა, ეს მარტო გრიგოლ ლილუაშვილის პრობლემა არ არის. როდესაც მსგავსი კატეგორიის საქმეზე, როდესაც არ არსებობს მტკიცებულები, დგება გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმის დაფიქრების რესურსი და უპირველეს ყოვლისა სასამართლოს, რომელიც დამოუკიდებელი რგოლია, რომ სამომავლოდ იფიქროს რამდენად ხელშემწყობი იქნება ქვეყნისთვის", - ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე. 

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა. 

უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.

რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.

 

მსგავსი სიახლეები