ირაკლი აბესაძე განმარტავს, რატომ არის "ტრამ-თაუერის" პროექტის განხორციელება "შეუძლებელი"
ირაკლი აბესაძე განმარტავს, რატომ არის "შეუძლებელი" "ტრამ-თაუერის" პროექტის განხორციელება ერთ კილომეტრიანი გზის უმნიშვნელოვანეს სატრანპორტო არტერიაზე (თამარაშვილ-ჭავჭავაძის გზა) რომელიც პიკის საათებში ისედაც გაუვალია.
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ამბობს, რომ გუშინ პროექტის პრეზენტაციაზე პირველად გაჩნდა მშენებლების მხრიდან ციფრი 600 ათასი კვ.მ. როცა აბესაძის თქმით, სადღაც 20-25 დღის წინ ძმებმა ფხაკაძეებმა, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეები არიან, თბილისის მერიას 373 ათასი კვ.მ.-ის დარეგისტირება მოსთხოვეს.
ეკონომისტი ეჭვობს, რომ მშენებლებმა გუშინ მოიტყუეს და გაბერილი ფართი მიზანმიმართულად დაასახელეს, რათა ტრამპების დაინტერესება გამოეწვიათ.
მისი თქმით, რადგან პირველ ეტაპზე დონალდ ტრამპის შვილი საქართველოში ვერ ჩამოიყვანეს, მშენებლემა ამ ხერხს სახელდახელოდ მიმართეს - "ფაქტია, რომ ციფრი 600 ათასი გაჩნდა სახელდახელოდ".
აბესაძის განცხადებით, 600 ათასი კვადრატულზე მილიონ სამასი ათასი კვ.მ ფართობის ახალი შენობა-ნაგებობის გაჩენა მოკლავს თვითონ ტრამპ-თაუერის პროექტსაც, რადგან ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში მოძრაობა ამ მონაკვეთზე იქნება შეუძლებელი და მყიდველს არ მოუნდება 2 მილიონი დოლარის გადახდა ცალკეულ ფართში.
თუ ეს პროექტი განხორციელდება იმ მოცულობით, როგორც ამას ახლა თბილისის მერია იხილავს, გამოდის, რომ ერთ კილომეტრიან სატრანსპორტო კვანძზე (ჭავჭავაძე- თამარშვილის გზა) კვანძზე გვემატება 373 ათასი კვ.მ. შენობა-ნაგებობა. ხოლო თუ განხორციელდება იმ მოცულობით, რაც გუშინ კობახიძემ და პროექტის განმახორციელებელმა მშენებლებმა დააანონსეს, ანუ 600 ათასი კვადრატულით, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ერთ კილომეტრიან გზაზე თბილისში მილიონ სამასი ათასი კვ.მ ფართობი ახალი შენობა-ნაგებობა ჩნდება. და ეს ხდება უმნიშვნელოვანეს სატრანპორტო არტერიაზე, რომელიც პიკის საათებში ისედაც გაუვალია. მიუვალი იქნება ეს ტერიტორია, ერთადერთი შეიძლება ივანიშვილი ვერტმფრენით მიფრინდეს.
600 ათასი კვადრატული არის ციფრი, რომელიც ჩემი აზრით, მშენებლებმა მოიგონეს ტრამპის ორგანიზაციის მოსატყუებლად.
ძმებმა ფხაკაძეებმა, რომელბიც ამ ტერიტორიის მფლობელები არიან 20-25 დღის წინ მიმართეს მერიას, ჩვენ აქ გვინდა ავაშენოთ 373 ათასი კვ.მ. ახლაც იხილავს მერია განაშენიანების რეგულირების გეგმას. და საიდან გაჩნდა 600 ათასი კვადრატული, რატომ გაჩნდა პრეზენტაციის დღეს. იმიტომ ხომ არა, რომ მშენებელი ჯგუფი ცდილობდა ტრამპის შვილი საქართველოში ჩამოეყვანა, რომელიც პირველ ეტაპზე ვერ მოახერხეს.
ტრამპის ორგანიზაციის ფინანსური სარგებელი მიბმული როგორც ფიქსირებულ გადასახადზე ისე პროცენტზე პროექტიდან მიღებული მოგების. როგორც ჩანს, შეიძლება ამას დასჭირდეს ერთი წელი, ამ ეტაპზე საჭირო გახდა ტრამპისთვის ეჩვენებინათ უფრო გაბერილი ციფრები და დიდი მოგება, თორემ ფიზიკურად შეუძლებელია.
აქ შეიძლება მთელი იდეა იყოს ტრამპის სახელის ამ ეტაპზე გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და საბოლოო ჯამში შეიძლება არავის ანაღვლებდეს რეალურად ტრამპ-თაუერი საქართველოში აშენდება თუ არა. შეიძლება მე ვცდები, და მართლაც იგეგმება 600 ათასი კვადრატულზე მშენებლობა, რაც მილიონ სამასი ათასი კვ.მ ფართობის ახალი შენობა-ნაგებობის გაჩენას გამოიწვევს, და ეს ფიზიკურად კლავს თვითონ ტრამპ-თაუერის პროექტსაც. არ მგონია ვინმე დელისთან 2 მილიონი დოლარის დახარჯვას ფიქრობდეს.
ფაქტია, რომ ციფრი 600 ათასი გაჩნდა სახელდახელოდ. მაშინ ფხაკაძეების კომპანია რატომ მიმართავდა მერიას და რატომ მოითხოვდა 272 ათასი კვ.მეტრის უნდა დავარეგისტრიროთო", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გუშინ დედაქალაქში, მთაწმინდის პარკში, Trump Tower-ის პრეზენტაცია გაიმართა. Downtown Tbilisi, რომლის ნაწილიც უნდა იყოს Trump Tower-ი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ბიზნესმენები და ა.შ.
პროექტის მასშტაბის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება და ჯამში, 600 ათასი კვადრატული ფართობის შენობა აშენდება: 62-სართულიანი „თაუერი“ 282 მეტრის სიმაღლის იქნება.
დამსწრეებს ვიდეოჩართვით, სიტყვით მიმართა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა.
- Trump Tower-ის თბილისში აშენების გეგმის შესახებ ცნობილი 2026 წლის აპრილში გახდა. ინფორმაცია თავდაპირველად The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რომლის დიზაინზეც ამერიკული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი მუშაობს. პროექტში The Trump Organization-ის პარტნიორებად დასახელდნენ ქართული კომპანიები „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“, „ფინვესტ ჯორჯია“ და ამერიკული The Sapir Organization-ი.
13 სექტემბერს The Wall Street Journal-მა Trump Tower Tbilisi-ის პროექტს ვრცელი სტატია მიუძღვნა. მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „Trump Tower-ის უახლესი ადგილი: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება“. ქვესათაურში კი გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თბილისში დაგეგმილი ცათამბჯენი უნდა აშენდეს მიწაზე, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდისგან შეიძინეს.
- WSJ პროექტს არა მხოლოდ უძრავი ქონების გარიგების, არამედ საქართველო-აშშ-ის გაუარესებული ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური კონტექსტის ფონზე განიხილავს. გამოცემა წერს, რომ მაშინ, როდესაც ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაცივდა, საქართველოში Trump-ის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალი პროექტი იგეგმება.