რუსი მონარქისტი და დონბასში ომის დამფინანსებელი მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებს

16.09.26 23:43
რუსი მონარქისტი და დონბასში ომის დამფინანსებელი მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებს

რუსი მონარქისტი მართლმადიდებელი ოლიგარქი, დონბასში ომის დამფინანსებელი და ევრაზიანისტ ალექსანდრ დუგინთან დაახლოებული კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებს.

ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვრცელს პოსტში მალოფეევი წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა "21-ე საუკუნეში თბილისიდან ყველაზე ბრძნული სიტყვები გააჟღერა". 

რუსი მონარქისტი კობახიძის მიერ რუსოფობიასთან დაკავშირებულ განცხადებას გულისხმობს, რა დროსაც მთავრობის მეთაურმა განაცხაად, რომ "ქართული ოცნების მიზანი რუსოფობიასთან "ჩანასახშივე ბრძოლაა".

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა მიზანზე, "ძირეულად გაანადგუროს" რუსოფობია. ეს ყველაზე სასიამოვნო და ბრძნული სიტყვებია, რომელსაც 21-ე საუკუნეში თბილისიდან გაჟღერებულა.

სანამ მეზობელი სომხეთი საკუთარ თავს ღალატობს, საქართველო პოლიტიკურ რეალიზმს ირჩევს. სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი სიბრძნე.

ისტორია ციკლურია. მე-18 საუკუნის ბოლოს, დღევანდელი ქართველი პრემიერის სეხნიამ, ერეკლე II-მ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. ქართველმა პატრიოტებმა გადაარჩინეს საკუთარი მიწა და მისი უძველესი ღვთისმოსავი ერი ფიზიკური განადგურებისგან, გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი.

დიახ, რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და რჩება რთული პოსტსაბჭოთა აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი ერების ერთად ყოფნა. ჩვენ გვაერთიანებს წმინდა მართლმადიდებლობა და სულიერი კავშირი.

დღეს, როგორც საუკუნენახევრის წინ, საერთო მტერი გვყავს. ამჯერად – გლობალური დასავლეთი, რომელსაც მოაქვს ნგრევა ჩვენი საერთო რწმენისთვის, ტრადიციებისთვისა და ჩვენს ხალხთა იდენტურობისთვის. ძმური კეთილმეზობლობის აღდგენა არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსა და რუსეთისთვის. ეს ნაკარნახევია მეფე ერეკლე II-ისა და სრულიად საქართველოს მარადსახსენებელი პატრიარქი ილია II-ის მიერ", - წერს მალოფეევი. 

კონსტანტინ მალოფეევი „როსტელეკომის“ აქციების და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ მფლობელია. რუსეთის ეკლესიასთან დაახლოებული მალოფეევი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „რუსული სამყაროს“ კონცეფციის მიმდევრებს აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები