კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს რაც უნდა

17.09.26 11:51
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს რაც უნდა

 

 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 13 წლიან პატიმრობაში გაშვებული სუს-ის ექს-შეფისგან "საფრთხეს ვერ ხედავს". 

დღეს მთავრობის მეთაურს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, ელოდება თუ არა გრიგოლ ლილუაშვილისგან ალაპარაკებას, რაზე პასუხადაც კობახიძემ თქვა, რომ "რაც უნდა ის ილაპარაკოს". 

"ოცნების" წევრის თქმით, ბევრმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სცადა "რაღაცების ლაპარაკი ციხიდან", თუმცა ამას შედეგები არ მოჰყოლია. კითხვაზე გულსიხმობს თუ არა ყოფილ მაღალშინოსნებში ირაკლი ღარიბაშვილს, კობახიძემ თქვა, რომ მათ შორის ყოფილ პრემიერსაც გულისხმობს. 

რავიცი ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ყველა პატიმრის უფლება, საქართველოში დემოკრატიაა. ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, შესაბამისად, თუ რაიმე გაინტერესებთ, შეიძლიათ დაელოდოთ. 

არავითარ საფრთხეს არ ვხედავ მისგან.

თქვენ იცით, რომ იყო არაერთი შმეთვევა, როცა არაერთი ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოყოლია რაიმე შედეგი, ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმე. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ, არა მარტო, წარსულშიც გახსოვთ, მათ შორის სუს-ის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, ასეთ სპეკულაციებს არასდროს არ აქვს რაიმე შედეგი.

იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი: გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს [სუფთად].". - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

"ოცნების" ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მომხდარი ადამიანურადაც მძიმეა, ხოლო გუნდისთვის არის დისკომფორტი, თუმცა კანონის აღსრულება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა რაც მოხდა. რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომამდგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ადამიანურადაც მძიმეა, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს - ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა." - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, "ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა ითარგმნებოდეს" თუ არა მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში, კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც კი პრობლემები დაინახეს, ქმედებებზე გადავიდნენ.

“ამისთვის დროც დაგვჭირდა. მას შემდეგ, რაც პარტიული ყრილობა ჩატარდა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა კორუფციის რისკებთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გააკეთა, ერთ თვეში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავიკავე. იმ მომენტიდანაც ერთი წელი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ყველაფერში ბოლომდე ჩაგვეხედა და სისტემა გადაგველაგებინა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც არ არის ეს იოლი. ჩვენ ჩავიხედეთ, გადავალაგეთ და დღეს პასუხოს ვაგებთ შემდეგზე - აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ ერთი კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს, მას შემდეგ რაც გადალაგდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა. 

უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.

რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.