"მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ" - მშობელი სოფელ ბულაჩაურის სკოლაში არსებულ ვითარებაზე
სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ისე ბნელა, მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ - ამის შესახებ "ბათუმელებთან" მშობელი, სოფლის მცხოვრები აცხადებს და ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც უგზავნის.
"ბათუმელების" ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში წელს 4 პირველკლასელი მივიდა. სკოლას კი მთლიანობაში 89 მოსწავლე ჰყავს.
"კარს რომ ძლიერად გამოაღებ, კედელი ქანაობს. შენობის უკანა მხარეს კედლები გაბზარულია. ცოტა ხნის წინ სკოლაში ვიღაცები იყვნენ მოსული, თითქოს შეამოწმეს და იცით რა პასუხი გაგვცეს – ორი ცალი გიფსოკარდონი არ გქონდათ, ეს კედელი რომ გაგემაგერბინათო“ - ჰყვება სოფლის მცხოვრები ბათუმელებთან.
ანა კაბულაშვილმა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ აუხსნა, რომ ყველაზე კარგი კლასი, რაც კი სკოლაში იყო, პირველკლასელებს დაუთმეს. თუმცა, ამ კლასშიც ძველ, საღებავწაშლილი ფიცრის იატაკია.
სკოლის შესახებ ანი კაბულაშვილმა დღეს სოციალურ ქსელშიც დაწერა, სადაც მშობელი ითხოვს უსაფრთხო და სტანდარტების შესაბამის სკოლას თავისი შვილებისთვის.
ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა… სანამ ყველაფერი ზღვარს არ გასცდა.
არ ვარ ვალდებული, ვინმეს ავუხსნა, რატომ ვითხოვთ სკოლას. მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ ჩემი შვილებისთვის სკოლა „კარგი კედლების“ და ფოტოების გადასაღებად მინდა.
რამდენის უფლებას აძლევთ თავს? რამდენს ბედავთ საერთოდ? თუ ვინმესთან გაგსვლიათ — მე ის ადამიანი არ ვარ და ეს კარგად გაითვალისწინეთ! " როგორც ყველაფერი არ იჭმება, ისე ყველაფერი არ ითქმება"
და კიდევ ერთხელ: ჩვენ სკოლას ვითხოვთ ბულაჩაურში! სხვა სოფელს არ ვეხებით!. ისიც საკმარისია რის გამოც გვიწევს სხვა სოფლებში გადაადგილება და რაც არ აქვს სოფელს!
ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილების სხვა სოფელში ტარება. გვინდა ჩვენს სოფელში გვქონდეს უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი სკოლა. ჩემი შვილი, ჩვენი შვილები და ჩვენი მასწავლებლები ამას იმსახურებენ!
სკოლამ რომელმაც ყველა მე-12 კლასელი წელს სტუდენტობამდე მიიყვანა ! არ უნდა იყოს ამ მდგომარეობაში! კარგ პედაგოგებთან ერთად საჭიროა შენობა რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს და იქნება უსაფრთხო ბავშვებისთვის
დანარჩენზე არაფერს ვიტყვი… როგორც ვიცი, ჩვენთვის კარგი სიახლეებია და მოვლენებს ველოდები.
და ჩემს შვილებს, სხვათა შორის, ფოტოების გადასაღებად არც დეკორაციები აკლიათ და არც „კედლები“, - წერს ანი კაბულაშვილი.