ალეკო ელისაშვილის მეუღლე: სახლის ჩხრეკისას წაღებული ბავშვების ლეპტოპები დღემდე არ დაუბრუნებიათ, გაყიდეს ნეტა?

17.09.26 17:24
ალეკო ელისაშვილის მეუღლე: სახლის ჩხრეკისას წაღებული ბავშვების ლეპტოპები დღემდე არ დაუბრუნებიათ, გაყიდეს ნეტა?

ოჯახს პატიმრობაში მყოფ ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული აქვს - ამის შესახებ პოლიტიკოსის მეუღლემ,  ირინა კილოსანიძემ დღეს მედიას განუცხადა. 

მისი თქმით,  „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით წერილობითი კომუნიკაციაა შესაძლებელი. 

ირინა კილოსანიძემ დღეს მედიას აევე უთხრა, რომ საგამოძიებო უწყებას ოჯახისთვის დღემდე არ დაუბრუნებია ერთი წლის წინ სახლის ჩხრეკისას წაღებული ნივთები, მათ შორის ბავშვების ლეპტოპები. 

„ეგრეთ წოდებული „ოთხფეხა ძაღლების“ საქმეზე დაწესებული შეზღუდვები დღემდე ძალაშია. რადგან ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ეს შეზღუდვები როდის მოიხსნება, არ ვიცით.

ამავდროულად, ჩვენი სახლიდან წაღებული ნივთები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩხრეკისას წაიღეს და დაგვპირდნენ, რომ ბავშვების ლეპტოპებს მაინც დაგვიბრუნებდნენ რომლებიც მათ სწავლის პროცესში ძალიან სჭირდებოდათ, დღემდე არ არის დაბრუნებული. მათ შორის, ჩემი დის ტელეფონიც, რომელიც იმ მომენტში შემთხვევით ჩემთან იყო. დაპირების მიუხედავად, ეს ნივთები ადვოკატებმა, როგორც ვიცი, არაერთხელ მოითხოვეს და არ დაუბრუნებიათ. არ ვიცი, გაყიდეს ნეტა? შეიძლება გაყიდეს და არ გვეუბნებიან. არგუმენტი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა აქვთ. პროკურორმა თქვა, მოგვმართეთ და დაგიბრუნებთო. მიმართეს ადვოკატებმა, მაგრამ დაბრუნება მაინც არ მოხდა.

წერილობითი კომუნიკაცია მეტ-ნაკლებად გვაქვს, ადვოკატს დავუწერ და ის გადასცემს. სატელეფონო კომუნიკაცია არ გვაქვს. სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ალექსანდრეს.

ჩვენთან მართლმსაჯულება უცნაურად არის მოწყობილი. გვაქვს ორგვარი დანაშაული, ერთი ე.წ. დანაშაულია, როცა იმ ადამიანს დაინახავ, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა და მისი დანახვის დროს, ბუნებრივი ემოციის წამოსვლა და „არაკაცის“ დაძახება. ამავე დროს, ის პოლიციელი, რომელიც ძალადობაშია მხილებული, დღემდე ასრულებს თავის მოვალეობას და მის წინააღმდეგ საქმეც არ არის აღძრული, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრემ ერთი წლის წინ მისცა ჩვენება“,- განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც. 

მსგავსი სიახლეები