საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება

17.09.26 18:39
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება

აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.

შემწეობის მიმღებთა შორის 153 258 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული. პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა სისტემაში რჩებიან ის პირები, რომლებსაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ არ დაუსრულებიათ.

პარალელურად, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემებს ამოწმებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ივნისში პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, იმ დროისთვის შემოწმებული 40 225 ოჯახიდან სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა - 56.4%-ს. მთავრობის შეფასებით, ამან დაახლოებით 54.7 მილიონი ლარის ეკონომია გამოიწვია.

კობახიძის განცხადებით, გადამოწმების პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების შესწავლაა დაგეგმილი.

„წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები