ბაღების სააგენტოს განცხადება: 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა
ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, აღსაზრდელებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ბავშვები სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება
თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას.