ბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
ბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - ამის შესახებ "პირველებს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.
როგორც ექიმი ამბობს, 14-ვე ბავშვი საავადმყოფოში პირ-ღებინებით შევიდა, მათი ნაწილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.
"მძიმე მდგომარეობა არცერთ არ აქვს" - ამბობს კლინიკის სამედიცინო დირექტორი.
ჩხაიძის ინფორმაციით, აღსაზრდელები სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან არიან.
ჩვენთან მოთავსებულია 14 ბავშვი ამ ეტაპზე. რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გავწერთ სახლში. მძიმე მდგომარეობა არცერთ არ აქვს. ღამის განმავლობაში ეტაპოვბრივად შემოდიოდნენ ღებინებით. სხვადასხვა ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. 14-ვე ბავშვი გასტრო-ენტერიტით არიან შემოსულები. ვერაფერს ვერ დავუკავშირებთ ჯერ, რადგან გასტრო-ენტერიტი არის ეის, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ ხელთ არსებული კვლევებით ვერ დავადგენთ, რა იყო მიზეზი", - აცხადებს მაია ჩხაიძე.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:
- 59-ე,
- 124 -ე,
- 22-ე,
- 109-ე,
- 46 -ე,
- 121-ე,
- 79-ე.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
უეყების ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება, აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია - აბესაძე
კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს კიდეც - ირაკლი აბესაძე